რუსეთში უამინდობის გამო ხორბლის მოსავლის პროგნოზი 2 მლნ ტონით შემცირდა - გაიზარდა საექსპორტო ფასებიც

რუსეთის აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტმა (ИКАР) მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლის პროგნოზი ერთდროულად 2 მლნ ტონით, 83,5 მილიონიდან 81,5 მლნ ტონამდე შეამცირა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ ИКАР -ის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ განუცხადა.

„ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არსებული ვითარების შეფასებით, ჩვენი პროგნოზი გაუარესდა, რადგან იქ მოსავალი ორთქლდება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც,“ - აცხადებს რილკო. მისი თქმით, სამხრეთით მარცვლეულის ტენიანობა მკვეთრად ეცემა, რაც წონის დაკლებას იწვევს.

ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხორბლის 80,7 მლნ ტონა მოსავალს პროგნოზირებს. სამინისტროსთან არსებული აგროანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 14 ივლისისთვის რუსეთის ფედერაციამ 14,9 მლნ ტონა მარცვლეული, მათ შორის 10,6 მლნ ტონა ხორბალი აიღო. გასული წლის ამავე რიცხვში მოსავალი გაცილებით მეტი იყო - 24,6 მლნ ტონა მარცვლეული, მათ შორის 19,7 მლნ ტონა ხორბალი.

ამასთან, გასულ კვირას რუსულ ხორბალზე საექსპორტო ფასები გაიზარდა, რაც მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდასა და რუსეთში მოსავლიანობაზე პროგნოზის გაუარესებას მოჰყვა. ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსებმა კვირის განმავლობაში 6-წლიან უმაღლეს დონეს მიაღწია. მიზეზი ჩრდილოამერიკაში, საგაზაფხულო ჯიშის ხორბლის რეგიონებში მშრალი ამინდები, ევროპასა და რუსეთში კი უამინდობაა.

ИКАР-ის მონაცემებით, 12,5%-იანი ცილის შემცველი ახალი მოსავლის ტონა ხორბლის საექსპორტო ფასი ნოვოროსიისკის პორტში კვირის განმავლობაში 238-დან 241 დოლარამდე გაიზარდა. მეორე რუსულმა აგრარულმა ცენტრმა, СовЭкон-მა ფასის 5-დოლარიანი ზრდა დააფიქსირა, რამაც ტონაზე 239 დოლარი შეადგინა.

СовЭкон-ს ოფიციალური საბაჟო სტატისტიკა მოყავს, რომლის მიხედვითაც 2021-22 წლების ახალი სამარკეტინგო სეზონის დაწყებიდან, 1-15 ივლისის პერიოდში რუსეთმა 0.506 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, რაც 32%-ით ნაკლებია, გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან ხორბლის ექსპორტმა 0.399 მლნ ტონა შეადგინა, რაც 26%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ექსპორტირებული ქერი 0,070 მლნ ტონაა, რაც შარშანდელზე 78%-ით ნაკლებია, სიმინდის ექსპორტმა კი 0,037 მლნ ტონა შეადგნა, რაც გასულ წელთან შედარებით, ასევე, 63%-ით ნაკლებია.

СовЭкон ივლისში რუსეთიდან 2,1 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებს, საიდანაც 1,6 მლნ ტონა ხორბალზე მოდის. ეს შესაძლოა, 2017 წლის ივლისიდან მოყოლებული, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდეს - წერენ სააგენტოს ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ ექსპორტის მნიშვნელოვან დაბრკოლებად გადასახადები რჩება. ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საექსპორტო გადასახადი, რომელიც ივნისიდან ყოველკვირეულად იანგარიშება, 21-დან 27 ივლისის პერიოდში ტონაზე 39,3-დან 35,2 აშშ დოლარამდე შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ