კოვიდშეზღუდვების გამო ავსტრალიის მაღაროებში მემანქანეთა დეფიციტია

Reuters-ის ცნობით, მინერალებით მდიდარ დასავლეთ ავსტრალიის მაღაროებში მატარებლის მძღოლების დეფიციტია, რაც კორონავირუსის მკაცრი შეზღუდვებით არის გამოწვეული. ამის გამო კომპანია Rio Tinto-მ მემანქანეებს სამუშაო საათების გაზრდა მოთხოვა მას შემდეგ, რაც კონკურენტმა კომპანია BHP Group-მა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიები რკინის მადნით მატარებლების დატვირთვას ჩქარობენ, რადგან ფოლადზე მსოფლიო ფასები სწრაფად იზრდება.

მაგალითად, ერთ-ერთი მემანქანე, პოლ ბლოქსი, რომელიც კომპანია Rio Tinto-ს მომავალი თვიდან ტოვებს, აცხადებს, რომ დასავლეთ ავსტრალიის საზღვარზე არსებული შეზღუდვების, მათ შორის 14-დღიანი საკარანტინო წესის გამო, კვინსლენდში ოჯახის მონახულებას 15 თვეში მხოლოდ 4-ჯერ ახერხებდა.

Reuters-ის ცნობით, ავსტრალიის მაღაროელების ნაწილი ქალაქებში ცხოვრობს და მათ შორეულ სამუშაო ადგილებზე გადაფრენა-გადმოფრენა უწევთ, რამაც შესაძლოა, რამდენიმე საათიდან 1 დღე დაიკავოს. მინერალებისა და ენერგეტიკის პალატის გასული თვის ანგარიშში წერია, რომ ამჟამად დასაქმების კარგი პერსპექტივა ავსტრალიის აღმოსავლეთ შტატებსაც აქვთ, რაც წინა პერიოდისგან განსხვავდება, როცა დასავლეთ ავსტრალიაში აღნიშნულ სექტორში სამუშაოდ კვირაში 1000-მდე ადამიანი გადადიოდა. ამდენად, მაღაროებში სამუშაო ადგილების, განსაკუთრებით, მემანქანეების დეფიციტი შეიქმნა მაშინ, როცა ეკონომიკური აღდგენის ახალი სამშენებლო პროექტების წყალობით, დასავლეთ ავსტრალიაში ნედლეულის ბუმია. ჩაკეტილი საზღვრების გამო, ქვეყანაში უცხოელი კვალიფიციური კადრების მიგრაციაც შეწყვეტილია.

სიდნეის ანალიტიკურ ცენტრ Shaw and Partners-ის ექსპერტი, პიტერ ო’კონორი აცხადებს, რომ მეშახტე კომპანიები სწრაფი ვაქცინაციის იმედად, წარმოების მთლიანი დატვირთვის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა კადრების შენარჩუნება მართლაც რეალური რისკია.

Rio Tinto-ს მემანქანეებს, რომლებიც თვეში ორ-ორი კვირა მუშაობენ და ისვენებენ, ნებაყოფლობით მესამე სამუშაო კვირის დამატებას თხოვენ შესაბამისი ფულადი პრემიით. ამასთან, მოხდება ახალი მემანქანეების კვალიფიკაციის ამაღლება და მათ დასავლეთ ავსტრალიაში დროებითი თუ მუდმივი დასახლების პაკეტი შეეხება. კონკურენტ BHP-მა მოხალისეთა ასეთი 200-კაციანი სია უკვე შეადგინა, რაც დროებითი რეჟიმის სახით, მომავალი წლის აგვისტომდე იმოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ