ესპანეთში ევროპის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა

ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ევროპაში, ცათამბჯენ Intempo-ს მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ეს ევროკავშირში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლია, რომლის სიმაღლე 187 მეტრია. შენობის ტყუპი კოშკები ესპანეთში ყველაზე სწრაფი ლიფტებითაც გამოირჩევიან, რომლებიც 4,2 მეტრ წამის სიჩქარით მოძრაობენ და ბოლო სართულს 52 წამში აღწევენ.

კოშკებს ზემოდან ალმასის ფორმის კონსტრუქცია აკავშირებს, სადაც პენტჰაუსის ფასი, დაახლოებით, 2 მლნ ევროა. დანარჩენ 47 სართულზე ფასები 257 000 ევროდან იწყება.

გამოცემის შეფასებით, შენობა შესაძლოა, უდროო დროს იხსნება, რადგან ესპანეთში უცხოელი ტურისტების მკვეთრი ვარდნა, ძირითადად, ისეთმა საკურორტო ქალაქებმა იწვნია თავის თავზე, როგორიცაა ბენიდორმი. თუმცა პრომოუტერ კომპანია Uniq Residential-ში აცხადებენ, რომ Intempo-ს 256 ბინიდან 100 წინასწარ გაიყიდა. მყიდველების 60% ესპანელია, დანარჩენი კი რუსები, სკანდინავიელები, გერმანელები და ბელგიელები არიან.

Intempo-ს მშენებლობას 17 წელი დასჭირდა და ამ ხნის განმავლობაში ცათამბჯენმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, ფონდ SVPGlobal-მა 60 მლნ ევრო გადაიხადა ბანკ Sareb-ისგან შენობის ვალის გამოსასყიდად. Sareb ე.წ. „ცუდი ბანკია,“ რომელიც 2008 წელს, ესპანეთის უძრავი ქონების ბაზრის კრიზისის დროს ათობით ათასი დაუმთავრებელი შენობისთვის შეიქმნა.

Intempo-ს ამჟამინდელი მფლობელები დარწმუნებული არიან, რომ ცათამბჯენის გახსნა ბენიდორმს ხმელთაშუა ზღვის მაიამად გადააქცევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ