,,საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი სიკეთის“ - ვახტანგ ჭარაია

,,საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი სიკეთის“, - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ისევ პანდემიაზე და იმაზეა დამოკიდებული, გვექნება თუ არა შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა.

,,ცალკე რომ განვიხილოთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი შეიძლება იყოს მიღწევადი. ცალკე ინფლაციაც მაღალი იქნება. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო მასებში პირდაპირ გავლენას არ ჰპოვებს. ერთი შეხედვით ეკონომიკური ზრდის ტემპი აბალანსებს მაღალ ინფლაციას, თუმცა საქართველოში უმეტესობისთვის ვერ აბალანსებს ერთი მეორეს, რადგან ზრდის ტემპში მოსახლეობისა და ბიზნესის მხოლოდ მცირე ჯგუფები მონაწილეობს.

ასე რომ, ერთიანობაში თუ შევხედავთ, საკმაოდ ოპტიმისტურია არა თუ ორნიშნა, არამედ 7.7% ეკონომიკის ზრდაც. რადგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დარტყმას მოგვაყენებს პანდემია თუნდაც უახლოეს ერთ თვეში და მეტიც, მოგვიტანს თუ არა ეს კიდევ ერთ ჩაკეტვას. აქ, პრემიერის გაცხადება იყო საკმაოდ ადეკვატური, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გადაიტანს. რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს ხელით ჩაახრჩობ თუ პანდემია მოუღებს ბოლოს“ -ამბობს ჭარაია.

სპეციალისტის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ვერ იქნება ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დამაბალანსებელი: „შკალაზე რომ შევაფარდოთ, საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი სიკეთის. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად (4.2%-ით) აღემატება აქამდე არსებულ ეკონომიკური ზრდის 3.5%-იან პროგნოზს.

თამარ მუკბანიანი