ოპეკ-ი წარმოებას არ შეამცირებს

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია ოპეკ-ი არ შეამცირებს წარმოებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობზე ფასი ბარელზე 20 დოლარამდე დავარდება.

ამის შესახებ საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნუიამიმ Middle East Economic Survey-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რამდენი დოლარიც არ უნდა შეადგინოს ნავთობის ფასმა, წარმოების შემცირება არ შედის ოპეკ-ის მწარმოებელთა ინტერესებში. ალი ალ-ნუიამის განცხადებით, შესაძლოა, მსოფლიომ ვეღარასდროს ნახოს ნავთობი ბარელზე 100 დოლარად.

”თუ საუდის არაბეთი წარმოებას შეამცირებს, ფასები მაღლა აიწევს და რუსები, ბრაზილიელებიცა და ამერიკაში იფქლის ნავთობის მომპოვებლები ჩვენი ბაზრის წილს მიითვისებენ”, - აღნიშნავს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიუჯეტებს კიდევ კარგა ხნის განმავლობაში შეუძლიათ გაუძლონ ფასების შემცირების პერიოდს, რამდენადაც რეგიონში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ბარელზე 4-5 დოლარს შეადგენს.

ალი ალ-ნუიამის განცხადებით, ნავთობზე ფასების ვარდნით, პირველ რიგში ბრაზილიის, დასავლეთ აფრიკისა და არქტიკის ოფშორული პროექტები დაზარალდება.

ნავთობზე მსოფლიო ფასი მკვეთრად დაეცა მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული. ზოგიერთი ექსპერტი ამას ოპეკ-ის გადაწყვეტილებას უკავშირებს. 27 ნოემბერს ოპეკ-ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვებაზე კვოტის შენარჩუნება გადაწყვიტეს დღეში 30 მილიონი ბარელის დონეზე, რამაც ფასების ვარდნა გამოიწვია.