"საერთაშორისო გამჭვირვალობა": 2012 წელთან შედარებით, თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 73.44%-ით იზრდება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის სიახლეებისა და პრობლემების ანალიზს აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, 2015 წელს დედაქალაქის შემოსავლები 2014 წელთან შედარებით 47.59 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო ხარჯები – 38.15 მილიონი ლარით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, უმთავრესი სიახლე 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში მისი პროგრამული დანართია, რითიც თბილისის მთავრობამ საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს საუკეთესო პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც აჭარის მთავრობამ - თავისი 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტით აჩვენა მისაბაძი მაგალითი.

რაც შეეხება ხარჯების ძირითად შეფასებას, 2015 წელს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 170 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, მეტისმეტად დიდი თანხაა იმისთვის, რომ თბილისში სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯოს, რადგან თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.

გარდა ამისა, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44%) იზრდება, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45%). ამასთანავე, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 3.03 მილიონი ლარით იზრდება აღმასრულებელი ორგანოების მთლიანი მმართველობითი ხარჯები (5.39%).

2015 წელს თბილისის მთავრობის სამი გამოკვეთილი პრიორიტეტია: ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა (2014 წელთან შედარებით 12.6 მილიონი ლარით იზრდება და ხდება 205 მილიონი ლარი), განათლება (2014 წელთან შედარებით იზრდება 13.02 მილიონი ლარით, 92.63 მილიონ ლარამდე) და საბინაო-კომუნალური მეურნეობა (2014 წელთან შედარებით იზრდება 20.89 მილიონი ლარით).

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენის და განვითარების დაფინანსება მცირდება, კერძოდ, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით - 27.28%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 4.5%-ით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეკომენდაციაა, თბილისის მთავრობამ შეამციროს დედაქალაქის ბიუჯეტის დეფიციტი სოციალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე; ახსნას, თუ რატომ იზრდება 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით; განაგრძოს თბილისის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესება და ბიუჯეტის მიღებამდე განსაზღვროს შუალედური და საბოლოო შედეგების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორები; შეამციროს სოციალური დანახარჯები და გამოთავისუფლებული სახსრები მიმართოს დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, შექმნის სამუშაო ადგილებს; უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის და დედაქალაქის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.