ბულგარეთში ოქტომბრიდან პენსიები გაიზრდება

ბულგარეთის დროებითი მთავრობა 1-ლი ოქტომბრიდან ყველა სახის პენსიის გაზრდას გეგმავს, რათა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერების, თითქმის, ნახევრის ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ასენ ვასილევის ამ განცხადებას Euractiv ავრცელებს. მინისტრის თქმით, თუ პარლამენტი მის წინადადებას მხარს დაუჭერს, შემოდგომისთვის ბულგარეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა ერთი პენსიონერიც არ იცხოვრებს.

დღეს ბულგარეთში პენსიონერების, თითქმის, 43%-ის ყოველთვიური შემოსავალი 190 ევროზე ნაკლებია, რაც ოფიციალურად დადგენილი სიღარიბის ზღვარია. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ 431 000 პენსიონერი ევროკავშირის ამ უღარიბეს ქვეყანაში მინიმალური პენსიის სახით 190 ევროს მიიღებს, მაქსიმალური პენსია კი 30 ევროთი მოიმატებს და 760 ევრო გახდება.

წლის ბოლოსთვის ბულგარეთი სოციალურ მომსახურებებზე 1 მლრდ ევროზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი. დამატებითი ხარჯების დიდი ნაწილი მიმართული იქნება სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენ. ლიბერალური ეკონომიკის ანალიტიკოსები და ქვეყნის პროფკავშირები ერთხმად პირველად უჭერენ მხარს სოციალური ხარჯების ზრდას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ