საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტების/პირველკურსელების სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისთვის 3,966,750.00 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამატებით 8 ახალმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო. ეს პროგრამებია: მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი.

საერთო ჯამში, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32-მა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ მოიპოვა:

1. მშენებლობა

2. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

3. საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა

4. სამთო და გეოინჟინერია

5. საინჟინრო გეოდეზია

6. გეოლოგია

7. მეტალურგია

8. მასალათმცოდნეობა

9. ქიმია

10. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

11. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

12. არქიტექტურა

13. ბიოსამედიცინო ინჟინერია

14. მათემატიკა

15. საინჟინრო ფიზიკა

16. მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

17. აგრარული ტექნოლოგიები

18. სასურსათო ტექნოლოგია

19. სატყეო საქმე

20. აგროინჟინერია

21. მევენახეობა და ენოლოგია

22. მეცხოველეობა

23. აგრონომია

24. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია

25. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

26. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა

27. ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა

28. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება

29. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

30. გარემოსდაცვითი ინჟინერია

31. ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები

32. ტრანსპორტი

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

2021-2022 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია დამტკიცდა „2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის N50/ნ ბრძანების შესაბამისად.

ცნობისათვის: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაფინანსების სახით გამოიყოფა თანხა არა უმეტეს 2250 ლარისა. ასევე, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.