"არ მაქვს არანაირი იმედები, მოსახლეობასაც ვერ მოვატყუებ... გაურკვეველია ბევრი რამე"- სერგო ჩიხლაძე ვაქცინაციის პროცესზე

"სამედიცინო პერსონალსაც სჭირდება დარწმუნება, რომ უნდა აიცრას, ეს კი სახელმწიფომ შეგნებულად არ გააკეთა”- სერგო ჩიხლაძე

,,არ შეიძლება, ხალხს დააბრალო ის, რაშიც შენ ხარ დამნაშავე. ყველამ კარგად ვიცით სტატისტიკა, როგორ იზრდებოდა ინფიცირების რიცხვი აქციებამდე ნახტომისებურად“ - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.

სერგო ჩიხლაძემ ვაქცინაციის ტემპი და სახელმწიფოს მიერ წარმოებული სარეკლამო კამპანიაც შეაფასა.

,,სამედიცინო პერსონალსაც სჭირდება დარწმუნება, რომ უნდა აიცრას, ეს კი სახელმწიფომ შეგნებულად არ გააკეთა. ექიმებიც ადამიანები არიან და მათაც სჭირდებათ სწორი ინფორმაცია. ზოგი პედიატრია, ზოგი ტრავმატოლოგი. ყველა ინფექციონისტი, ან იმუნოლოგი ხომ არ არის? რომ გავიხსენოთ, ვაქცინის მიღებამდე, სარეკლამო კამპანიაც კი არ დაწყო. ამბობდნენ, რომ ვაქცინის შემოტანამდე, არ იყო საჭირო. სინამდვილეში, გათვალეს, რომ თუ ადამიანს მისცემ ინფორმაციას, ის მოითხოვს აუცილებლად სასწრაფო ვაქცინაციას. ეს წნეხი აირიდეს.

კამპანია 3-4 თვით ადრე უნდა დაიწყოს, რომ ადამიანების ცნობიერება მზად იყოს. ამათმა კი ჯერ ვაქცინა შემოიტანეს წყვეტილ-წყვეტილად და მერე დაიწყეს სუსტი საინფორმაციო კამპანია. მეორე მხარეა თავად რეგისტრაციის ფორმა. ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ან აქვს და არ იცის მისი გამოყენება.

17 თვის განმავლობაში მთავრობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს. ამიტომ, არ მაქვს არანაირი იმედები, რომ ახლა დაალაგებენ ლოჯისტიკას და მენეჯმენტს. მოსახლეობასაც ვერ მოვატყუებ. გაურკვეველია ბევრი რამე, პრემიერი ამბობს, რომ 1 მლნ დოზა ყოველ კვირაში შემოვა ნაკადებად. ამ დროს, ბატონი გამყრელიძე გვეუბნება, რომ აშშ-ს ნაჩუქარი ვაქცინიდან 100 000 დოზა დაარეზერვეს. ისმება კითხვა, ვის შეუნახეს და რისთვის, თუ ისედაც ველოდებით დოზებს?“- ამბობს ჩიხლაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, 5 ივლისის შემდეგ გამართული აქციების ბრალია.

,,არ შეიძლება, ხალხს დააბრალო ის,რაშიც შენ ხარ დამნაშავე. ეს არის უკიდურესი ბოროტება და ნაძირალას განცხადება. ყველამ კარგად ვიცით სტატისტიკა, როგორ იზრდებოდა ინფიცირების რიცხვი აქციებამდე ნახტომისებურად“- განაცხადა ჩიხლაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი