საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2014 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა, 493 მლნ აშშ დოლარით დაიკავა და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, ფეროშენადნობების ექსპორტი 261 მლნ აშშ დოლარს უდრიდა, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 229 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 834 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 655 მლნ აშშ დოლარით იმყოფებოდა, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 313 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).