რა რაოდენობის ნუშს აწარმოებს საქართველო და როდის დაიწყება ექსპორტი

„2021 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნუში იწარმოება“,- ამის შესახებ ნუშის და კაკლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველი ბაღები, რომლებიც 2015-2016 წლებში გაშენდა, სწორედ წელს შევიდა სრულ მსხმოიარობაში. შესაბამისად, აღნიშნული ფართობებიდან სრულ მოსავალს ფერმერები წელს მიიღებენ. ყოველწლიურად კი, სულ უფრო გაიზრდება ნუშის წარმოება.

„მოგეხსენებათ, რომ კაკლისა და თხილისგან განსხვავებით, საქართველოში ნუში ფართოდ არ გამოიყენებოდა, შესაბამისად აქამდე არც ზუსტი სტატისტიკა არსებობდა, თუ რა რაოდენობის ნუშს აწარმოებდა ქვეყანა.

შეგვიძლია გაგიზიაროთ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც ეყრდნობა ქვეყანაში ნუშის მწარმოებელთა აღრიცხულ ბაზებს.

ჩვენი გათვლებით, წელს საქართველო დაახლოებით 1,500 ტონა ნუშის მოსავალს მიიღებს, რომელთა დიდ ნაწილს ადგილობრივი ბაზარი აითვისებს. მომავალი წლიდან, თუ ადგილობრივი ინდუსტრია მომზადებული შეხვდა სეზონს, აუცილებლად დაიწყება ქართული ნუშის ექსპორტი.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ კაკლისგან და თხილისგან განსხვავებით, საერთაშორისო ვაჭრობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნაჭუჭიანი ნუშის ექსპორტი შედარებით იშვიათობაა. შესაბამისად, მომავალი წლიდან ინდუსტრიაში უნდა გამოჩნდეს გადამამუშავებლები, რომლებიც ადგილობრივად მოყვანილ ნუშს გადაამუშავებენ და ნუშს საექსპორტოდ მოამზადებენ. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის გათვლებით, მომავალ სეზონს ინდუსტრია უკვე დაახლოებით 3-4 თანამედროვე ტიპის გადამამუშავებლით შეხვდება.

აქვე შემოგთავაზებთ ასოციაციის პროგნოზს, თუ რა რაოდენობით ნუშის მოსავალს უნდა ველოდოთ მომავალ წლებში.

ujh584i4ik4i4-1627376603.png

ეს გაანგარიშება დაფუძნებულია მხოლოდ 2020 წლამდე გაშენებული ბაღების მონაცემებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბაღების გაშენება მიმდინარეობს, 5-6 წლის შემდეგ გაცილებით დიდი რაოდენობით ნუშის მოსავალს მივიღებთ“,- განაცხადა ზურაბ ხოჭოლავამ.

ნინი ქეთელაური