სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოჭრილი 97 ძირი სოჭის ჯიშის ხე-მცენარით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 97 ძირი სოჭის ჯიშის ხე-მცენარით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭი მოჭრილია ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღის ტყეში. ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა, წინააღმდეგობა გაუწია უფლებამოსილ პირებს მოვალეობის შესრულების პროცესში. მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარე კანონდამრღვევს ჩამოერთვა. ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე.

მასალები შემდგომი რეაგირიებისთვის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 10 670 ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამრღვევს წინააღმდეგობის გაწევისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.