ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ კლინიკა კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოითხოვს, ასეთი კლინიკა „ფეისბუკში“ „დათაგონ“ და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა პაციენტის ოჯახს კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს, საჯაროდ განაცხადონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კოვიდპაციენტისთვის საჭირო ყველა მომსახურების და პრეპარტის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივი ხარჯით ხდება. რაც ნიშნავს შემდეგს - ნებისმიერი ღირებულების წამალი, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს სახელმწიფოს მხრიდანაა ანაზღაურებული. ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართვ - როცა ისინი აფიქსირებენ, რომ პაციენტის პატრონი მიდის, რათა 5 ათასი ლარი პრეპარატში გადაიხადოს, რომელიც კლინიკას უნდა შეეკვეთა, „ფეისბუკ“ პოსტში „დათაგონ“ ის კლინიკა, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე მოქალაქის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტოცილიზუმაბში“ კონკრეტულმა კლინიკამ ოჯახს თანხა გადაახდევინა.