აცრა მანქანიდან გადმოუსვლელად - რა ზომებს უნდა მიმართოს მთავრობამ, რომ ვაქცინაციის პროცესი გამარტივდეს და აქტივობა გაიზარდოს

„ნებისმიერი ბარიერი უნდა მოიხსნას ახლა. ეს იქნება სატელეფონო რეგისტრაცია, ცოცხალი რიგები, ისე, რომ ადგილზე მიხვიდე და იქვე გაიკეთო ვაქცინა და ასევე, მანქანიდან გადმოუსვლელად“,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მანქანიდან გადმოუსვლელად აცრა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და ის დამატებით რისკებსაც ხსნის.

„ნებისმიერი ბარიერი უნდა მოიხსნას ახლა. ეს იქნება სატელეფონო რეგისტრაცია, ცოცხალი რიგები, ისე, რომ ადგილზე მიხვიდე და იქვე გაიკეთო ვაქცინა და ასევე, მანქანიდან გადმოუსვლელად. ჩვენ უკვე ვიხილეთ ეს როგორ კეთდება სხვა ქვეყნებში „დრაივის“ ვარიანტში, მათ შორის, ტესტებს იღებენ ერთ-ერთ ლაბორატორიაში თბილისშიც. შეგიძლია, მანქანით მიხვიდე და ნებისმიერი ტიპის ტესტი ისე ჩაიტარო. ასევე, შეიძლება აცრა გაიკეთო, 15 წუთი გაჩერდე, რაიმე ალერგიული რეაქცია ხომ არა რის და გააგრძელო გზა. ეს რიგების მოწესიგებაში დაგვეხმარება და იმაშიც, რომ რეალურად არ მოხდეს თვითონ ინფექციის გავრცელება ვაქცინაცის პუნქტებში, რაც, თეორიულად შესაძლებელია, იყოს საფრთხე. იმიტომ, რომ ადამიანები მაინც სწორად არ იყენებენ პირბადეს, თავს სრულად არ იცავენ და ისეთი მაღალი გავრცელების პირობებში, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, დღეს დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც შესაძლოა, სექტემბერში ყველა ტიპის ვაქცინა ჰქონდეს ქვეყანას, მაგრამ აცრის მსურველი არ იყოს.

„ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ მიმდინარეობს სათანადო კომუნიკაცია, არ ვაწვდით ინფორმაციას მუდმივად, პროაქტიულად. არ ვახდენთ კითხვებზე პასუხის გაცემას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ. ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ დაარწმუნებ ადამიანს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კომუნიკაცია. სექტემბერში გვექნება უამრავი ვაქცინა, ყველა სახის და არ გვეყოლება უკვე მსურველი.

ის კომუნიკაცია, რაც დღესაა, არ არის საკმარისი. მხოლოდ დაავადებათა ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია არ არის ეს. სტრატეგიული კომუნიკაცია კარგად უნდა გვესმოდეს, იმიტომ, რომ ეს არის, დაწყებული უმაღლესი პოლიტიკური, თუ ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩართულობით. ეს გზავნილები გააჩნია ვისგან მოდის და ვისთან მიდის. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა ეკლესიის, მეორე ნაწილს - მთავრობის, მესამეს - ოპოზიციის, მეოთხეს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პერსონალის და ა.შ. თითოეულ ჯგუფზე მორგებული კომუნიკაცია უნდა ტარდებოდეს. უნდა მიმდინარეობდეს სოციალური გამოკითხვა, რამდენად დამაკმაყოფილებელია ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება და იღებენ თუ არა იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მათ ყოყმანის საფუძველს აძლევს, გადავადებას ახდენენ და არ იცრებიან, რაღაც მიზეზების გამო; ასევე, ანტივაქსერების პროპაგანდა აღწევს თუ არა მიზანს და რა უნდა დავუპირისპიროთ ამას. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, ეთნიკურ უმცირესობებს შესაბამის ენაზე, სპეციალისტებს მათ ენაზე, მოქალაქეებს გასაგებ ენაზე და ა.შ. ეს არის ცნობილი სისტემა, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ სტრატეგიული კომუნიკაცია თანმიმდევრული, პროაქტიული და მე ამას ვერ ვხედავ, რომ კეთდებოდეს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნინი ქეთელაური