ბრიტანეთის მთავრობა საერთაშორისო კრუიზებს 2 აგვისტოდან განაახლებს

BBC-ის ცნობით, ინგლისიდან 16-თვიანი შესვენების შემდეგ, საერთაშორისო კრუიზები შესაძლოა, 2 აგვისტოდან განახლდეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აშშ-სა და ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულ პირებს ინგლისის პორტებში შესვლის შემდეგ კარანტინი არ შეეხებათ. ეს იმ სამთავრობო გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის იზოლაციის წესების შემსუბუქებას გულისხმობს.

დიდ ბრიტანეთში შიდა კრუიზები მაისიდან ნებადართულია, თუმცა საერთაშორისო კრუიზები აკრძალულია. მთავრობა საერთაშორისო საკრუიზო მოგზაურობის რეკომენდაციებში ცვლილებების შეტანას აპირებს, რომ ტურისტებმა საკრუიზო მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკები გააცნობიერონ და საზღვარგარეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე პირადი პასუხისმგებლობა აიღონ.

ახალი წესების თანახმად, მომავალი ორშაბათიდან, 2 აგვისტოდან, აშშ-სა და ევროკავშირის სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს კარანტინში აღარ მოათავსებენ და ინგლისში ჩასვლიდან მერვე დღეს არც ტესტის ჩატარება დასჭირდებათ. თუმცა, მათ ტესტის გაკეთება კრუიზში გამგზავრებამდე მაინც მოუწევთ. ამასთან, კრუიზიდან დაბრუნებიდან მე-2 დღესვე PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

საფრანგეთიდან ჩასულებისთვის კვლავ ცალკეული წესები იმოქმედებს. მოგზაურები, რომლებიც საფრანგეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ინგლისში ჩასვლიდან 10 დღით კარანტინში მოთავსდებიან.მათ, აგრეთვე, უნდა ჩაიტარონ Covid ტესტი მეორე დღესვე ან მანამდე და მე-8 დღეს ან მას შემდეგ, თუნდაც პირი სრულად ვაქცინირებული იყოს.

BBC-ის შეფასებით, საერთაშორისო კრუიზები ორშაბათიდან ხელმისაწვდომი მაინც ვერ იქნება. P&O Cruises-მა თავის ვებგვერდზე გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთში საზაფხულო დგომის შემდეგ, მისი გემი - Britannia დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის დაგეგმილ მარშრუტებზე 25 სექტემბერს გავა. იმავე დღეს მოიხსნება ღუზიდან კომპანიის მეორე ხომალდი - Iona-ც. საკრუიზო გემ Ventura-ზე კრუიზები 3 ოქტომბრამდე, Azura-ზე კი 10 დეკემბრამდე შეჩერებულია. ზოგი კრუიზი კომპანიამ 2022 წლამდეც კი გადადო.

დიდი ბრიტანეთიდან პირველ კრუიზს კომპანია Cunard 13 აგვისტოს განახორციელებს, თუმცა ეს საერთაშორისო არ იქნება, აღნიშნული კომპანიამ ოქტომბრამდე გადადო.

ორივე ფირმა ამერიკული გიგანტური საკრუიზო კომპანია Carnival cruises-ის საკუთრებაა. Carnival მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო კომპანიაა.

საერთაშორისო ასოციაცია Cruise Lines International Association-ის მონაცემებით, საკრუიზო ხაზების ინდუსტრიამ 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკას 154 მლრდ დოლარზე მეტი (110 მლრდ ფუნტი) მოუტანა.

Carnival-მა, რომელმაც 2019 წელს 3 მლრდ დოლარის მოგება მიიღო, კოვიდპანდემიურ 2020 წელს 10 მლრდ დოლარით იზარალა, მისი შემოსავლები კი 73%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ