მშენებლობებზე გაცემული ნებართვები  წლიურად 5,5%-ით არის გაზრდილი

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4 400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5 პროცენტით მეტი) 2 955 000 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი თბილისზე, 9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე

სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტი) 1 128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი