YouTube-მა Sky News Australia პანდემიაზე ტენდენციური რეპორტაჟის გამო გათიშა

დღეს გავრცელებულ განცხადებაში Sky News Australia იუწყება, რომ ვიდეოების გაზიარების საიტმა YouTube მას მომსახურება დროებით შეუწყვიტა. მიზეზად ვიდეოპლატფორმის COVID-19-ის პოლიტიკასთან სატელევიზიო არხის კონტენტის შეუთავსებლობა სახელდება.

ავსტრალიური მედიასაშუალება იტყობინება, რომ მომსახურების ერთკვირიანი შეჩერება YouTube-მა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Sky News Australia, თითქოს, უარყოფდა Covid-19-ის არსებობას ან მოუწოდებდა ხალხს, კორონავირუსის სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროხინი ან ივერმექტინი გამოიყენონ, რაც ეთერში საპირისპირო კონტექსტის გარეშე გაუშვა.

„Sky News Australia აღიარებს YouTube-ის უფლებას, განახორციელოს თავისი პოლიტიკა და მოუთმენლად ელოდება მომსახურების განახლებას, თავისი პოპულარული სიახლეებისა და ანალიზის აბონენტებისთვის მისაწოდებლად“, - ნათქვამია Sky News-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

24-საათიან საკაბელო და სატელევიზიო არხს, რომელსაც 1,85 მილიონი YouTube-გამომწერი ჰყავს, Australian News Channel Pty მართავს და News Corp Australia-ს შვილობილი კომპანიაა.

YouTube-მა, რომელიც Alphabet Google-ს ეკუთვნის, მომსახურების ერთკვირიანი შეჩერების ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა.

„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს პოლიტიკას თანაბრად ყველასთვის და ამ პოლიტიკისა და ჩვენი საგაფიცვო მრავალწლიანი სისტემის შესაბამისად, ამოვიღეთ ვიდეოები და ჩავუშვით გამაფრთხილებელი განცხადება Sky News Australia-ს არხზე", - განუცხადა Reuters-ს YouTube-ის სპიკერმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ