დიდ ბრიტანეთში სალათის მოსავლის ასაღებად რობოტ კომბაინს გამოიყენებენ, რაც ხარჯებს 50%-ით ამცირებს

აგროტექნოლოგიის ბრიტანელი დეველოპერები სალათის მოსავლის აღების ავტომატიზაციას ბაზარზე რობოტის გამოშვებით გეგმავენ. მათთან გაერთიანებული სამეფოს სალათის ფოთლის ორი უმსხვილესი მწარმოებელი, G's Fresh და PDM Product უკვე თანამშრომლობენ. რობოტის გამოყენება ამ კომპანიებისთვის მოსავლის აღების ხარჯებს, თითქმის, 50%-ით შეამცირებს. ინფორმაციას პორტალი AgroXXI ავრცელებს.

მოსავლის აღების ავტომატიზაცია ხელს შეუწყობს მებაღეობაში მუშახელის ნაკლებობის პრობლემის მოგვარებასაც. AgroXXI-ის მონაცემებით, სალათა ბრიტანეთის ყველაზე ძვირფასი საველე ბოსტნეულია. 2019 წელს ქვეყანაში 178 მლნ ფუნტის საბაზრო ღირებულების, დაახლოებით, 99,000 ტონა სალათა აიღეს.

პორტალის შეფასებით, Brexit-ისა და Covid-19-ის შეზღუდვების გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე მწვავე დეფიციტია, ამდენად, მოსავლის მოყვანისა და აღების რობოტიზაცია მისი მოცულობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

პროექტის წამყვანი პარტნიორი ფირმა Grimme-ის სპეციალისტი ბოსტნეულის მიმართულებით, ტომ გრემი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე დიდი გამოწვევაა საკმარისი რაოდენობის მუშახელის პოვნა, რათა მოსავლის აღების ვალდებულებები დროულად შესრულდეს.

„გარდა ამისა, მუშახელზე ხარჯების ზრდამ, საცალო ფასების მატების გარეშე, ბიზნესისთვის მოგების მარჟის შემცირება გამოიწვია. მწარმოებლები ეძებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეამცირონ დასაქმებულთა ხარჯები, რათა სექტორში თავიანთი მდგრადობა შეინარჩუნონ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოგონება მათ დაეხმარება“,- აცხადებს ტომ გრემი.

კომპანია PDM-ის სოფლის მეურნეობის განყოფილების მმართველმა დირექტორმა, დერმოტ ტობინმა განაცხადა, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში მწარმოებლები სალათის მოსავლის აღებისთვის სეზონურ მუშახელს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მისი პოვნა დღეს რთულ ამოცანად იქცა.

„ჩვენმა ინდუსტრიამ სეზონურ მუშახელზე დამოკიდებულების შესამცირებლად რობოტული ტექნოლოგია უნდა გამოიყენოს, ამიტომ ამ პროექტში მონაწილეობას ჩვენი ბიზნესისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს დერმოტ ტობინი.

სალათის აღების პროცესი ბოლო 30 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვითარდებოდა: მოსავლის აღების, შეფუთვისა და დასაწყობების სამუშაოები მინდორში, მოსავლის აღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზევე სრულდებოდა.

პროექტის ფარგლებში მოხდება პრასის ასაღები არსებული ტექნიკის ადაპტირება: რობოტი სალათის ფოთლებს მიწიდან ამოიღებს და თასმებით შეკრავს. ღეროს გამოსაჩენად, სალათას გარე ფოთლები მექანიკურად მოშორდება, რის შემდეგაც აპარატი განსაზღვრავს ღეროზე ზუსტ ადგილს, საიდანაც ღეროს სალათის თავს მოაჭრის.

ინგლისში საველე ცდებისთვის რობოტული კომბაინის პროტოტიპს 2021 წლის სეზონის ბოლოსთვის შექმნიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ