კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 13% „ძალიან კმაყოფილი“, 47 % კი „გარკვეულწილად კმაყოფილია“ იმით, თუ როგორ მართა ხელისუფლებამ Covid 19-ის პანდემია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ია ძალიან კმაყოფილი იმით, თუ როგორ მართა ხელისუფლებამ Covid 19-ის პანდემია.

კითხვაზე“ რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების რეაგირებით პანდემიაზე, 47%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად კმაყოფილია, გარკვეულწილად უკმაყოფილოა 21%, 16% ძალიან უკმაყოფილოა, 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში IRI-ს მიერ კვლევის პროცესში დასმულ იმავე კითხვაზე, გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვით, 44% გარკვეულწილად კმაყოფილი იყო, 19% გარკვეულწილად უკმაყოფილო იყო და 20% ძალიან უკმაყოფილო. რაც შეეხება გასული წლის ივნისის მონაცემებს, ხელისუფლების რეაგირებით ძალიან კმაყოფილთა მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა, გარკვეულწილად კმაყოფილთა რაოდენობა 38%-ს, გარკვეულწილად უკმაყოფილო იყო 13%, ძალიან უკმაყოფილო კი 7%.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.