ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, ხოლო ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფ 10-მდე კომპანიის სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა ურთიერთშორის განახორციელეს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდება, რა გზითაც მათსავე კომპანიებს შეუქმნეს ჯამში 318 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.