Nivea-ს პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ მწარმოებელი კომპანია კრიზისამდელ დონეზე დააბრუნა

ჰამბურგში ბაზირებულმა კომპანია Beiersdorf-მა, რომელიც Nivea-ს კრემებს აწარმოებს, გაყიდვები პანდემიამდელ დონემდე გაზარდა. Reuters-ის შეფასებით, Nivea-ს კრემებსა და დერმატოლოგიურ ბრენდებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. დღევანდელ ვაჭრობაზე კომპანიის აქციებმა 5%-ზე მეტად მოიმატა.

მეორე კვარტალში ორგანული გაყიდვები 28,3%-ით გაიზარდა, რამაც წლის პირველ ნახევარში 16,2%-იანი ზრდა უზრუნველყო, შემოსავალმა კი 3,87 მლრდ ევროს მიაღწია, რაც 2019 წლის პირველი ნახევრის 3,84 მლრდ ევროს შემოსავალზე და ასევე, Refinitiv-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 3,82 მლრდ ევროზე მეტია.

Jefferies-ის ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ამ მონაცემებმა ყველანაირ მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რასაც Nivea-ს, La Prairie-ისა და Derma-ს ბრენდების ზრდას უკავშირებენ.

გრინვიჩის დროით, 07:35 საათზე Beiersdorf-ის აქციებმა 5,5%-ით მოიმატა და 2020 წლიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ჯგუფურ გაყიდვებს მაღალი ერთნიშნა ციფრის პროცენტული მაჩვენებლით გაზრდიან.

„ეს მომენტუმია, რომელსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“, - აცხადებს Beiersdorf-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ვინსენტ უორნერი. მისი წინამორბედი, სტეფან დე ლოეკერი აქცენტს სამომხმარებლო ბიზნესში ინვესტირებაზე აკეთებდა, რათა გაყიდვების შენელებული ტემპი აეჩქარებინა. ამ მიზნით, მან მზისგან დამცავი საშუალებების ამერიკული ბრენდი - Coppertone 550 მლნ დოლარად Bayer-ისგან შეიძინა, რის შემდეგაც Beiersdorf-მა ჩრდილო ამერიკის ძირითად ბაზარზე პოზიციები გაიმყარა.

კომპანიის EBIT მარჟა, ანუ პროცენტებისა და გადასახადების გადახდამდე შემოსული მოგება (earnings before interest and tax-EBIT) 13,7%-დან 15,3%-მდე გაიზარდა. თუმცა ელოდებიან, რომ მთელი წლის განმავლობაში მარჟა შარშანდელ დონეზე, 12,9%-ზე გაჩერდება, რისი მიზეზიც მასალაზე ფასების ზრდა და ციფრულ-ინოვაციურ სეგმენტში ინვესტიციებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ