ფინანსთა მინისტრი - წელს სრულად იქნება კომპენსირებული ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ქვეყანამ  პანდემიის პირველ წელს მიიღო

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა იქნება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე პანდემიის დაწყების პერიოდში იყო და სრულად იქნება კომპენსირებული ეკონომიკური ვარდნა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირველ წელს ქვეყანამ მიიღო.

როგორც ხუციშვილმა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, მთავრობის პრიორიტეტი საგარეო ვალის შემცირებაა.

„ვალის შემცირება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმიტომ, რომ ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენ იცით, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2020 წელს ვალის მოცულობა იყო 60%-ის ოდენობით, თუმცა წელს საგარეო ვალი ჩამოცდება 55%-ს, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში წმინდა ვალის მოცულობა 40%-ს უნდა ჩამოცდეს. ეს იქნება იმაზე დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე იყო პანდემიის დაწყებამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი პროგნოზი ნეგატიური სცენარის გათვალისწინებით 7,7%-ია, პოზიტიური სცენარის გათვალისწინებით კი, 10%.

„ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ პროცესები პოზიტიური სცენარის მიხედვით მიდის. უკვე 6 თვის ეკონომიკური ზრდა საქართველოში არის 12,7%. შესაბამისად, მაღალი მოლოდინია იმისა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. მომდევნო წელსაც ეკონომიკური ზრდა იქნება ძალიან მაღალი. წელს საქართველოს ეკონომიკა იქნება იმაზე ბევრად მაღალი, ვიდრე ეკონომიკა იყო პანდემიის დაწყების პერიოდში. სრულად იქნება კომპენსირებული ეკონომიკური ვარდნა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირველ წელს მიიღო ქვეყანამ. თქვენ იცით, რომ ტურიზმის სექტორი საკმაოდ მცირე მასშტაბებით არის აღდგენილი, ჩვენ ამ გათვლებში, როცა 10%-იან ზრდას ველოდებით, ვგულისხმობთ იმასაც, რომ ტურიზმის სექტორი 40%-მდე იქნება აღდგენილი. შესაბამისად, ტურიზმის სექტორის სრულად აღდგენის შემთხვევაში ეს დამატებითი სივრცეა, სადაც ჩვენს ეკონომიკას მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ზრდა დააფიქსიროს. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურიზმის სექტორი, ის რეფორმებიც, რომელიც წარმოდგენილი გვქონდა - კაპიტალის ბაზრის რეფორმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო რეფორმა და სხვა ბევრი რეფორმა, რომელმაც დამატებითი სტიმული უნდა მისცეს ეკონომიკას იმისთვის, რომ გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი“, - განაცხადა ხუციშვილმა.