სავალუტო ფონდი საქართველოს 58.1 მლნ დოლარის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ქვეყანას 58.1 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე საფუძველს ასახელებს: ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარება შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პროგრამას; მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტია და ის მიღწეული იქნება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნითა და ფისკალური ექსპანსიით; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაფართოვდა მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივად 8.5 პროცენტამდე. ეს მოსალოდნელიც იყო მიმდინარე წლის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების საფუძველზე; ინფლაციაც პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ მაჩვენებელს შეესაბამება; პროგრამის საშუალოვადიანი ფისკალური კონსოლიდაციის სტრატეგია, ინფლაციის თარგეთირება ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში, გარე შოკებისადმი გაზრდილი გამძლეობა და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა; სტრუქტურული რეფორმები არსებითია მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის; ხელისუფლება ფისკალური კორექტივების მხრივ ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება. ეს დასტურდება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, რომელშიც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში დეფიციტი მცირდება 3.0 პროცენტამდე; გაცვლითი კურსის მოქნილი რეჟიმი ქვეყანას დაეხმარება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში, რადგან პარტნიორ ქვეყნებში გაცვლითი კურსი კორექტირდება; რისკების არსებობის მიუხედავად, ნავთობზე ფასების ბოლოდროინდელმა კლებამ შეიძლება გააძლიეროს ეკონომიკური ზრდა და შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.