რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერების ჩატარების ინსტრუქციები იცვლება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ტენდერების ჩატარების ინსტრუქციებს ცვლის.

როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, ტენდერების ინსტრუქციის ახალი ვარიანტი უკვე მზად არის და დაგზავნილია სისტემის ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან შენიშვნებისთვის; შემდეგ მოხდება მისი დამუშავება. დეტალებზე საუბრისგან ჯავახიშვილმა თავი შეიკავა. "სულაც არ არის საჭირო, საზოგადოებამ ეს იცოდეს, რადგან საზოგადოება არ არის დაინტერესებული იმით, რომ ისწავლოს ტენდერების ჩატარების ინსტრუქციები. მაგრამ, ყველა პრეტენდენტს ეცოდინება დეტალურად, როგორც უნდა მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში, რა მოთხოვნებია ზუსტად გაწერილი. ვფიქრობ, ამ სფეროში გარკვეული პროგრესი გვექნება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ტენდერების საკითხი არის სწორედ ის მიმართულება, რომელზეც მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. "დღეს ჩემი ამოცანა არ არის ინფრასტრუქტურის სრული შესწავლა, ანუ ყველა სფეროში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. მე სამინისტროში მივედი, პირველ რიგში, ტენდერების საქმიანობის შესასწავლად და ამ მიმართულებაში მეტი გაჭვირვალობის, მეტი ეფექტურობის დანერგვას ვგეგმავ. ამ სფეროში მიდის ახლა საქმიანობის შესწავლა და მზადდება დოკუმენტები, ცვლილებები, ინსტრუქციები და ა. შ. ეს არის ჩემი უპირველესი ამოცანა, რომელზეც ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვექნება, ყველა დანარჩენზე სამინისტროს დანარჩენი ხელმძღვანელობა გაგცემთ პასუხს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.