ლევან დავითაშვილი - 2021 წლის რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩასატარებლად, სახელმწიფოს მიერ  მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის საორგანიზაციო საკითხები, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გასული წლების ანალოგიურად, 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც თელავში განთავსდება და რომლის ტექნიკურ გამართვაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ გავიღებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა რთველი წარმატებულად ჩატარდეს, ყველა მევენახე ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, ხოლო საწარმოებმა ყურძნის მიღება-გადამუშავება. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები - საქართველოს მთავრობამ მიიღო სუბსიდირების გადაწვეტილება, რათა პანდემიის გამოწვევები დაბალანსდეს და შექმნილი ვითარება უარყოფითად არ აისახოს როგორც ფერმერებზე, ისე ღვინის მწარმოებლებზე; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია, 1 კგ ყურძნზე, 0,35 ლარს შეადგენს.

2021 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათასამდე ტონას აღწევს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.