AstraZeneca-ს თანაავტორ ქალზე Barbie-ის თოჯინა შეიქმნა

სათამაშო თოჯინების გლობალური კომპანია Mattel-მა, რომელიც Barbie-ის თოჯინებს აწარმოებს, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის თანაავტორის, 59 წლის პროფესორის, სარა გილბერტის თოჯინა შექმნა.

„Barbie-ის სერიაში - „მისაბაძი სახეები“, სარა გილბერტმა ცნობილი ადამიანების, მათ შორის ბიონსეს, მერლინ მონროსა და ელეონორ რუზველტის თოჯინების გვერდით დაიკავა ადგილი,“ - წერს Reuters.

ბრიტანელი სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და ერთ-ერთია იმ ექვსი ქალიდან, რომელზეც COVID-19-თან ბრძოლაში წვლილის შეტანის გამო Barbie-ის თოჯინების მოდელები შეიქმნა. გილბერტის Barbie გამოირჩევა გრძელი მუქი წაბლისფერი თმითა და შავჩარჩოიანი დიდი სათვალით. თოჯინა საქმიან, მუქი ლურჯი ფერის შარვალ-კოსტუმსა და თეთრ ბლუზაშია გამოწყობილი. თავად სარა გილბერტი მისი თოჯინის შექმნას „მეტად უცნაურ იდეას“ უწოდებს.

„იმედია, ეს გადაიქცევა იმ კამპანიის ნაწილად, რომ გოგონებმა სამეცნიერო კარიერაზე უფრო მეტად იფიქრონ,“ - აცხადებს პროფესორი გილბერტი.

ის კომპანიის ფინანსურ ჰონორარს არაკომერციულ ორგანიზაციაWomen in Science & Engineering-ს (WISE) შესწირავს, რომელიც გოგონებს სამეცნიერო კარიერის არჩევას შთააგონებს.

კომპანია Mattel-ის დამსახურებულ პირებს შორის, ასევე, სასწრაფო დახმარების ექთანი ემი’ო სალივანია, რომელიც ნიუ იორკში, ბრუკლინის Wycoff Hospital-ში პირველ კოვიდპაციენტს მკურნალობდა. Barbie-ის ერთ-ერთი მოდელი ეკუთვნის, ასევე, ლას-ვეგასელ სამხედრო ექიმ ოდრი კრუზს, რომელიც დისკრიმინაციას ებრძოდა. სხვა თოჯინები მიეძღვნა ტორონტოს უნივერსიტეტის კანადელ ფსიქიატრ ჩიკა სტეისი ორიუვას, რომელიც ჯანდაცვაში სისტემურ რასიზმს ებრძოდა და ბიომედიცინის ბრაზილიელ მკვლევარ ჟაკლინ გოეს დე ჯიზესს, რომელიც თავის ქვეყანაში COVID-19-ის ვარიანტის გენომის თანმიმდევრობას ხელმძღვანელობდა.

Barbie-ის თოჯინებს შორისაა, ასევე, ავსტრალიელი ექიმი ქალი, კირბი უაიტი. მან პანდემიის დროს გამოიგონა ქირურგიული ხალათი, რომლის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენება არის შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ