საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„13 წელი გვაშორებს 8 აგვისტოს - საქართველოს უახლესი ისტორიიის უმძიმეს დღეს. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, როგორც მთელმა ქვეყანამ, ურთულესი დღეები გადაიტანა. ეს ომი ტრაგედია იყო თითოეული ჩვენგანისთვის...

ქედს ვიხრით აგვისტოს ომის შეუპოვრად მებრძოლი გმირების წინაშე. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მათი დაღვრილი წმინდა სისხლი კიდევ უფრო გვმატებს ენერგიას და ვალდებულებას გავაგრძელოთ ბრძოლა.

არასოდეს, არც ერთი ქართველი არ შეეგუება ოკუპაციას, არ შეეპუება მავთულხლართებით ხელოვნურად დახლეჩილ სამშობლოს, რადგან თითოეული ჩვენგანი სულით ხორცამდე გაჟღენთილია საქართველოს ერთიანობის ურყევი რწმენით. მიზნის მისაღწევად აუცილებელია ჩვენი სწავლითა და გარჯით გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

გვჯერა, საქართველო მალე იქნება ერთიანი, ძლიერი და ცივილიზებული სამყაროს ღირსეული პარტნიორი სახელმწიფო!“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

232933784-1133303463741387-326695174012539822-n-1628419465.jpg