Amazon ამერიკელ მომხმარებლებს უხარისხო პროდუქციის გამო ზარალს აუნაზღაურებს

Amazon.com თავის საიტზე გაყიდული დეფექტური საქონლის გამო, რომელიც მომხმარებლებს ფინანსურად აზარალებს ან ფიზიკურად აზიანებს, კომპენსაციის გადახდის ნორმას აწესებს. ამის შესახებ კომპანიის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

სასამართლო დავების შემცირების მიზნით, Amazon.com ამ წესს ჯერჯერობით ამერიკელი მომხმარებლებისთვის ამკვიდრებს. მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზიას არაერთი მომხმარებელი უჩიოდა, რომ თავის საიტზე გამოფენილი და გაყიდული უხარისხო საქონლის გამო, კომპანიაა პასუხისმგებელი. მაგალითად, 2016 წელს პენსილვანიელი ქალბატონი სწორედ Amazon-ს ადანაშაულებდა იმაში, რომ საიტზე შეძენილმა ძაღლის საბელმა, რომელიც გაწყდა, ცალი თვალით დააბრმავა.

ასეთი საჩივრების საპასუხოდ Amazon-ში აცხადებდნენ, რომ პასუხისმგებელი კომპანია კი არა, საიტზე დარეგისტრირებული გამყიდველია. კომპანია სასამართლო დავებს უმრავლეს შემთხვევაში იგებდა, თუმცა გასულ წელს კალიფორნიის შტატის სააპელაციო სასამართლომ შენახულ და პროგრამა Fulfillment-ით გასაყიდად გაგზავნილ საქონელზე სრული პასუხისმგებლობა Amazon-ს დააკისრა.

1-ლი სექტემბრიდან Amazon აშშ-ში 1000 დოლარამდე ღირებულების პრეტენზიებს გამყიდველების ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე აანაზღაურებს, რომლის 80%-იც სხეულის დაზიანებებსა და ტრავმების შემთხვევებს ეხება. ამასთან, კომპანიამ პროვაიდერთა სადაზღვევო ქსელი - Amazon Insurance Accelerator დააანონსა, რომელზეც გამყიდველებს, სურვილის შემთხვევაში, წვდომა ექნებათ. Amazon სულ უფრო მომთხოვნი იქნება გამყიდველების მიმართ, რომ მათ პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობა დააზღვიონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქციაზე სადაზღვევო სერვისს გამყიდველებს თავად Amazon სთავაზობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ