ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლიდან ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება. ანგარიში მოიცავს დაკრედიტების ტენდენციების შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციასაც. დაკრედიტების სამომავლო ტენდენციებზე დოკუმენტში წარმოდგენილი მოლოდინები ასახავს მხოლოდ რესპონდენტთა შეფასებას და არა ეროვნული ბანკის პოზიციას.