ევროკავშირი საქართველოში ვაქცინაციის დასაჩქარებლად დახმარების პაკეტს ზრდის

საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის ევროკომისიამ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კამპანიის დასაჩქარებლად, დახმარების პაკეტი 40 მილიონიდან 75 მლნ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„35 მლნ ევროს დახმარების დამატებითი პაკეტით ევროკავშირი, ვაქცინის გლობალური დეფიციტის ფონზე, ცდილობს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც გააადვილებს ვაქცინების გაცვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და დაფარავს ხარჯებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

35 მლნ ევროს დამატებით, ევროკავშირმა თებერვალში გამოყოფილი 40 მლნ ევროს დახმარების პირვანდელი პაკეტი შეავსო, რომლის ფარგლებშიც მთელ რეგიონში 11 მილიონზე მეტი ერთეული პირადი დამცავი საშუალება, 12,000 ლაბორატორიული კომპლექტი, 1,500-ზე მეტი ვენტილატორი, ჟანგბადის კონცენტრატორები და პულსის ოქსიმეტრები, ასევე, PCR ტესტირებისთვის 20,000-ზე მეტი კომპლექტი იქნა შეძენილი.

ახალი პაკეტი ევროკავშირიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაგზავნილი ვაქცინების ეფექტიან გადანაწილებას ისახავს მიზნად. ვაქცინებით მომარაგება, უშუალოდ, ევროკავშირის გაცვლის მექანიზმით, ირიბად კი გაეროს COVAX პროგრამითა და მწარმოებლებისგან პირდაპირი შესყიდვის ფარგლებში მოხდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებია სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ