ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ბუნებრივი აირი მიიღეს

სამხედრო დასახლებაში ბუნებრივი აირი 646-მა ოჯახმა მიიღო.

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ხონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამხედრო დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" 2014 წლის განმავლობაში დევნილთა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება დაევალა. აღნიშნულის ფარგლებში "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა დევნილთა დასახლების სრული გაზიფიცრებისთვის საჭირო ყველა სამუშაო. აშენდა 8 594 მეტრი გაზსადენი და თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი. სამხედრო დასახლებაში ბუნებრივი აირი 646-მა ოჯახმა მიიღო.