Wendy’s-მა გაყიდვების წლიური პროგნოზი გაზარდა

ჰამბურგერის რესტორნების გლობალური ქსელის, Wendy’s-ის კვარტალურმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და კომპანიამ გაყიდვების წლიური პროგნოზიც გაზარდა. Reuters წერს, რომ Wendy’s-მა, პანდემიის შემდგომ პერიოდში მომხმარებლების მისაზიდად, საუზმის განახლებულ მენიუზე დადო ფსონი.

აქციათა ვაჭრობამდელი ფასი 3%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტლის ფულადმა დივიდენდებმა 20%-ით, თითო აქციაზე 12 ცენტით მოიმატა. Refinitiv-ის მონაცემებით, 4 ივლისს დასრულებულ მეორე კვარტალში, აშშ-ს ერთსა და იმავე მაღაზიებში გაყიდვები 16,1%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ 15,3%-ზე მეტია. აქციაზე კომპანიის მოგებამ, შეფასებული 18 ცენტის ნაცვლად, 27 ცენტი შეადგინა.

Wendy’s-ის მოგება საუზმის ახალმა მენიუმაც მოუტანა, რომელიც კომპანიამ გაყიდვაში გასულ წელს ჩაუშვა. მასში მომხმარებლებისთვის საყვარელი Baconator-ის ჰამბურგერი შედის. განახლებული საუზმის კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის, კომპანია ყოველწლიურ სარეკლამო ხარჯებს 10 მლნ დოლარით გაზრდის.

Wendy’s, რომელიც ოჰაიოს შტატის ქალაქ დუბლინშია ბაზირებული, მიწოდების ციფრულ სერვისსაც განავითარებს. მისი რესტორნების დელივერ-განყოფილება Reef Kitchens მომავალ ხუთ წელიწადში აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მიწოდების 700 სამზარეულოს შექმნის, რომლის საპილოტე პროექტი კომპანიამ კანადაში დაიწყო.

Wendy’s თავის გლობალურ სისტემაში 2021 წელს გაყიდვების 11-13%-ით ზრდას პროგნოზირებს მაშინ, როცა წინა პროგნოზი 8-10%-იან ზრდას გულისხმობდა. კომპანიამ, ასევე, გაზარდა აქციაზე მოგების პროგნოზი, რამაც 72-74 ცენტის დიაპაზონიდან 79-81 ცენტამდე მოიმატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ