ამირან გამყრელიძე - 184 ამცრელი პუნქტი გვაქვს 354 ბრიგადით - მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვ, მიმართონ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან

ამ წუთისთვის 184 ამცრელი სამედიცინო პუნქტი გვაქვს 354 ბრიგადით, ამიტომ მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვ, აქტიურად მიმართონ ყველა დაწესებულებას და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ამცრელი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.

„დღეს ძალიან კარგი და დიდი ამცრელი ცენტრი მცხეთაში გაიხსნა. ხვალ სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში. ის რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ასეთივე ამცრელი ცენტრები გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეში. ასეთი იქნება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვა ადგილებშიც, რათა ადამიანებმა ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე შეძლონ მისვლა და აცრის გაკეთება. დღევანდელი მონაცემებით, დღეს ვაქცინირებული ადამიანების 15% წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მესამე დღეა, რაც „ფაიზერის“ მეორე დოზის სარეგისტრაციო ბმული გაიხსნა და ჯამში, როგორც პირველ, ისე მეორე დოზაზე, 170 000-მდე ადამიანი არის ჩაწერილი. მისი ცნობით, აღნიშნული ჯავშანი „ფაიზერის“ ვაქცინაზე 15 სექტემბრამდე იქნება გახსნილი. მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.