Adidas-ი Reebok-ს 2,1 მილიარდ ევროდ ყიდის

სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Adidas ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმების მიღწევის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მისი კუთვნილი ბრენდის Reebok-ის ამერიკული ბრენდების მმართველი კომპანია Authentic Brands Group-ისთვის 2,1 მილიარდ ევროდ მიყიდვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"Adidas აცხადებს, რომ მიაღწია შეთანხმებას Reebok-ის 2,1 მილიარდ ევროდ გაყიდვაზე Authentic Brands Group-ისთვის. ამასთან, ანაზღაურება მოხდება უმეტეს წილად ნაღდი ფულით, დანარჩენი კი ნაწილ-ნაწილ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მოსალოდნელია, შეთანხმების დახურვა მოხდება 2022 წლის მეორე კვარტალში. ამასთან, გერმანული კომპანია მიღებულ შემოსავალს გადაანაწილებს მის აქციონერებზე.

"Reebok არის Adidas-ის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ მადლიერი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც ბრენდმა და მის უკან მდგომმა გუნდმა შემოიტანეს ჩვენს კომპანიაში. ჩვენ ვთვლით, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ ბრენდს Reebok ექნება კარგი შესაძლებლობები გრძელვადიანი წარმატებისთვის“, - განაცხადა Adidas-ის გენერალურმა დირექტორმა კასპერ რორშტედმა.

Adidas-მა Reebok 2006 წელს შეიძინა. 2016 წელს კი Reebok-მა დააინიცირა პოზიციების აღდგენის გეგმა, რომლის წყალობითაც ბრენდმა შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა მისი ზრდისა და შემოსავლების პერსპექტივები.

კოკა კვირკველია