„მსოფლიოში აღარავინ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს, აკეთებენ წერტილოვან შეზღუდვებს, რაც ჩვენც დავიწყეთ - გთხოვთ, ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში"

ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება - ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ ძლიერად გაიმარჯვოს არჩევნებზე.

„რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვის წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ. ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება - ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ, უნდა მივცეთ მაგალითი ყველას და ავუხსნათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაშია და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები.

რაც შეეხება არჩევნებს - ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახერხოთ, იმისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ არჩევნებზე. მე ამის მჯერა, ჩვენ გუნდს სჯერა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.