Coca-Cola თანამშრომლებს ამცირებს

ამერიკული კომპანია Coca-Cola უახლოესი კვირების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით 2 ათასამდე თანამშრომელს შეამცირებს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური შემცირება ბოლო 15 წლის განმავლობაში.

გავრცელებული ცნობით, Coca-Cola თანამშრომლებს დაითხოვს ჰონგ-კონგში, სტამბულში, ლონდონში, მეხიკოსა და ატლანტაში. ბიუჯეტის მკაცრი ფორმირების მიზნით, კომპანია ასევე სთხოვს ტოპ-მენეჯერებს, უარი თქვან ლიმუზინებზე და ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ. Coca-Cola-მ ასევე გააუქმა საშობაო ღონისძიება უოლ-სთრითის ანალიტიკოსებისთვის.

Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკული კომპანიის ეს ნაბიჯი 2019 წლისთვის ხარჯების 3 მილიარდი დოლარით დაზოგვას უკავშირდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Coca-Cola-ს სუფთა მოგება 14%-ით შემცირდა და 2,11 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2013 წელს Coca-Cola-ს თანამშრომელთა რიცხვმა 130,6 ათასს მიაღწია.