აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევით დაემუქრა

აშშ-მა რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსისადმი შესაბამისობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ოფიციალურ გამოცემა Federal Register-ში გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ საკუთარი კომენტარების გაგზავნა 30 აგვისტომდე.

განმარტებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსზე გამოძიება დაწყებულია ანტიდემპინგური ანალიზის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება რუსეთიდან ნიტრატ-ამონიუმის მიწოდებას.

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო ეყრდნობა 1930 წლის კანონს ტარიფებზე, რომელშიც გაწერილია კრიტერიუმები ამა თუ იმ ქვეყნის ურთიერთობის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან. კანონში 6 კრიტერიუმია დაფიქსირებული, რომელთანაც შესაბამისობა იძლევა საშუალებას, მოხდეს საბაზრო ეკონომიკის განსაზღვრა. თუ ქვეყნის ეკონომიკა არ შეესაბამება რომელიმე კრიტერიუმს, მაშინ უფლების მქონე ორგანოს (ანუ ვაჭრობის სამინისტრო) შეუძლია ქვეყნის კვალიფიცირება, როგორც არა საბაზროსი.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი 2002 წლის 1-ელ პარილს მიანიჭა. მაშინ ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ უდიდესი ცვლილებით, რომელიც მოხდა რუსეთის ეკონომიკაში წინა 10 წლის განმავლობაში“. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირადად აცნობა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისთვის, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ართულებს ანტიდემპინგური გადასახდელების დაწესებას მათ წინააღმდეგ.

თუ ეკონომიკა მიიჩნევა არა საბაზროდ, მაშინ ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრება „მესამე ქვეყნებში“ მათი წარმოების ღირებულების შესაბამისად, სადაც ის შეიძლება იყოს გაცილებით ძვირი.

კოკა კვირკველია