აშშ-ს ბაზარზე მცენარეული UGG-ები გამოჩნდა

აშშ-ში კანაფისა და შაქრის ლერწმის მწარმოებელი ფერმერები ეკოლოგიურად სუფთა ფეხსაცმლის ბიზნეს-ჯგუფის ნაწილი გახდნენ. ამერიკულმა კომპანიამ UGG ბრენდის ნახშირბადნეიტრალური ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც CO2-ის მინიმალური გამონაბოლქვით იწარმოება.

UGG ბრენდი კომპანია Deckers Outdoor Corporation-ის შემადგენლობაშია და მომხმარებლებისთვის, ძირითადად, ჩექმების დიზაინით არის ცნობილი. ორიგინალურ UGG-ებს, ტრადიციულად, ცხვრის ტყავისგან ამზადებენ. თუმცა ბრენდის ახალი კოლექცია მხოლოდ მცენარეულ ელემენტებს შეიცავს და კლიმატურად ნეიტრალური ფეხსაცმელია.

ახალი ხაზის ფეხსაცმლის შესაკერად ხეების ბოჭკოები, კანაფი, შაქრის ლერწამი და ნატურალური კაუჩუკი გამოიყენება. კერძოდ, ბრენდი ხაოიანი ქსოვილის, ანუ პლუშის ეკოლოგიურ სანდლებსა და ჩექმებს აწარმოებს.

„ჩვენი მცენარეული პლუში, TENCE Lyocell ქსოვილის გამოყენებით, ხის რბილობისგან არის დამზადებული, რომელიც რეგენერირებულ ცელულოზის ბოჭკოებად არის გარდაქმნილი. ბოჭკოები პასუხისმგელობით შერჩეული ხეებიდან შევაგროვეთ, რომლებზეც ტყის მეურვეობის საბჭოს (FSC) და ტყის სერტიფიცირების მხარდაჭერის პროგრამის (PEFC) სერტიფიკატია გაცემული. ეს არის ტყის მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორი წამყვანი ორგანიზაცია. ჩექმებისთვის, პოლიესტერის სინთეტიკური ბოჭკოს ნაცვლად, ვიყენებთ ეკოლოგიურ ნაზავს - კანაფის 45%-სა და ბამბის 55%-ს. მცენარეული კანაფის ბოჭკოს თითო ფუნტი ატმოსფეროდან CO2-ის 3.58 ფუნტს შთანთქავს,” - აცხადებს ბრენდის წარმომადგენელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ