ოთარ დანელიამ ჩინელ ინვესტორებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჩინელი ინვესტორების ჯგუფს უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე. მინისტრმა ისაუბრა იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შეხვედრაზე გამოიკვეთა სამი კონკრეტული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე ჩინელი ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს. მხარეებმა განიხილეს დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების აღორძინების, აკვაკულტურების წარმოებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობის პერსპექტივები. ჩინელი ინვესტორების დელეგაცია გუშინ იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ადგილზე მოინახულა ის ობიექტები და ტერიტორიები, სადაც ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდა.