ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა.

„ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ საექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საქსპორტო შემოსავალი მხოლოდ ამ კულტურისგან უნდა მივიღოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის, ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია წარმოების და მიწოდების სრული ჯაჭვის დაფინანსება და განვითარების ხელშეწყობა.

„საჭიროა და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეების შემნახველი, გადამამუშავებელი მეურნეობები, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც სჭირდება მეხილეობის პროდუქციის დაბინავებას, რომელიც აქ იწარმოება და, ასევე ახალი ჩაის საწარმოებს. ამისთვის ყველაფერი არსებობს; არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გვჭირდება მეტი მონდომება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.