თამარ გაბუნია - ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შეზღუდვების აღსრულებაა მთავარი, რაც ჯერჯერობით არის დაწესებული.

„ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, - აცხადებს გაბუნია.