თამარ გაბუნიას შეფასებით, თუ სხვადასხვა ქალაქში საველე ჰოსპიტლების მობილიზება გახდება საჭირო, ამის რესურსი არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, თუ სხვადასხვა ქალაქში საველე ჰოსპიტლების მობილიზება გახდება საჭირო, ამის რესურსი არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ჰოსპიტლებში საკმარისი რესურსია და ემატება ადგილები როგორც იმერეთში, ასევე ბათუმშიც.

„ჯერჯერობით მაინც გვაქვს გარკვეული რესურსი ისევ ჰოსპიტლების შიგნით, გეგმური ოპერაციებისა და ჩარევების შეჩერების ხარჯზე. ჯერ ემატება ადგილები იმერეთშიც და ბათუმშიც. მონიშნულია ადგილები და თუ როგორ მოეწყობა საველე სივრცე, თუკი ამის საჭიროება იქნება, რესურსი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, სიტუაცია ისე დასტაბილურდება, რომ ჰოსპიტალურ სივრცეში შიგნით ეს მოხერხდება.

ჩვენ საველე ჰოსპიტალი მუდმივად შევსებული გვაქვს თბილისში, ორივე ადგილზე. პაციენტი, რომელსაც სამედიცინო სერვისი სჭირდება, იღებს იმას, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, რადგან ყველას ესმის, თუ რაოდენ გადატვირთულია დღეს ჰოსპიტალური ქსელი. ერთეული შემთხვევები ყოველთვის არის, როდესაც პაციენტი კლინიკებს ირჩევს“, -განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, თბილისის საველე ჰოსპიტალში მყოფი 80 პაციენტიდან ნაწილი ბინაზე გადაიყვანეს და ნაწილი კოვიდსასტუმროში.

„იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალური მკურნალობა გახდა საჭირო და გადავიყვანეთ“,-განაცხადა გაბუნიამ.