Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების წარმოებისთვის ორი ახალი ადგილი დამტკიცდა

ევროპის წამლის სააგენტომ (European Medicines Agency- EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს წარმოების ორი ახალი ადგილი დაამტკიცა. შესაბამისი განცხადება სააგენტოს ვებგვერდზე არის განთავსებული.

სააგენტომ BioNTech-Pfizer-ის მიერ შემუშავებული Comirnaty ვაქცინის საწარმოებლად საფრანგეთის სენ-რემი-სურ-ავრეში მდებარე ქარხანა დაამტკიცა. მას კომპანია Delpharm მართავს, რომელიც მზა პროდუქციას აწარმოებს. ქარხანა მიმდინარე წელს, დაახლოებით, 51 მილიონი დამატებითი დოზით უზრუნველყოფას შეძლებს.

EMA-მ, ასევე, BioNTech-ის საწარმოო ფართობზე ახალი ხაზი გერმანიის ქალაქ მარბურგში დაამტკიცა. ახალი საწარმოო ხაზი მიმდინარე წელს აქტიურ ნივთიერებათა წარმოების სიმძლავრეს, დაახლოებით, 410 მილიონ დოზამდე გაზრდის.

რაც შეეხება Moderna-ს, კომპანიის Spikevax-ის ვაქცინის წარმოებისთვის დამატებითი ადგილი აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში დამტკიცდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ