პანდემიურ 2020 წელს საქართველოს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 66,5%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.

„დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა დაფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.2 პროცენტს“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, საქტატის ინფორმაციით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.2 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.8 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

„2020 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.6 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.5 პროცენტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა შემცირდა 23.4 პროცენტით და 26.9 ათასი შეადგინა“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 30.6 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16.0 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი სტუმრების 3.1 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3 პროცენტი) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.