,,გადავიდნენ სხვა სფეროში, ან წავიდნენ უცხოეთში“ - რატომ შეექმნა ჰორეკა სექტორს კადრების მასშტაბური პრობლემა

ჰორეკა სექტორში, თითქმის ყველა მიმართულებით კადრების პრობლემაა. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, ყველაფერთან ერთად, დეფიციტს სექტორში არსებული არასტაბილურობის განცდაც ამწვავებს.

,,კადრების დეფიციტი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. კოვიდ ვითარებასაც თუ გამოვრიცხავთ, სეზონური დასაქმება თბილისში ზაფხულში ყოველთვის ქმნიდა პრობლემას კადრებზე, რადგან კარგი ანაზღაურების გამო ადამიანები მიდიოდნენ რეგიონებში. თუმცა, ახლა ცალსახად კოვიდის თანმდევი შედეგების გამოა ის, რომ სექტორში მომუშავე ადამიანების რიცხვი შემცირებულია და მასშტაბურად ყველა კადრებს ეძებს. ამაში იგულისხმება ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილმა რესტორნებმა ვერ შეინარჩუნეს კადრები და ისინი მთლიანად სფეროსთვის დაიკარგნენ. გადავიდნენ სხვა სფეროში, ან წავიდნენ უცხოეთში.

გარდა ამისა, ვინც ამ სფეროში მუშაობს, მათაც კი არასტაბულურობის განცდა აქვთ. იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა და რყევა, ყოველთვის ჩვენზე იწვევს პირველ დარტყმას. ეს განაპირობებს, რომ ვაკანსიები არის და მსურველები არა. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ პროფესიონალ კადრებზე კვალიფიკაციით. საუბარია იმათზე, ვისაც საერთოდ არ უმუშავია და დამსაქმებელი შესაძლებლობას აძლევს დაიწყოს და ისწავლოს. ასეთი კადრებიც კი არ არის“, - განუცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, HR.ge-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ქართულ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ პანდემიამდე თუ ერთ ვაკანსიაზე 100-150 CV იგზავნებოდა, დღეს რეზიუმეების ამქსიმალური ოდენობა 30-50-ია. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა ჰორეკა სექტორს შეექმნა.

თამარ მუკბანიანი