საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 796,6 ათასი ტონა შეადგინა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა 2014 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში მიმდინარე  ვითარება მიმოიხილა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 796,6 ათასი ტონა, რაც 45.7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (750,9 ათასი ტონა). მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 335,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 461,2 ათასი ტონა.

2014 წელს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. გრძელდება ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.

მიმდინარე წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურების სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული ე.წ. ლოიალური მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები - დაწყებული 5 თეთრიდან, დამთავრებული 20 თეთრამდე/ლიტრზე. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდარულ წილს იკავებს. მნიშვნელოვანი მოვლენაა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მოწვევა „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროზე მინიმუმ 2 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტორის შერჩევა. პროექტი უნდა დასრულდეს 2018 წლის ბოლომდე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული საწვავის ხარისხობრივ-ეკოლოგიური მაჩვენებლები. კერძოდ, მცირდება ბენზინში გოგირდის შემცველობა 150 მგ/კგ-დან დან 50 მგ/კგ-მდე (რაც შეესაბამება ევრო 4-ის სტანდარტს). თუმცა ფაქტობრივად დღეს საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული პრემიუმი, სუპერი ტიპის ბენზინისა და ევრო დიზელის საწვავი აკმაყოფილებს ევრო 5-ის სტანდარტს.

რაც შეეხება საწვავის ფასს, მიმდინარე წლის მეორე ნახევრის შემდეგ დაფიქსირდა Platt’s-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლება. საერთაშორისო ფასის კლების პარალელურად საქართველოში მოქმედმა კომპანიებმაც რამდენიმეჯერ დააკლეს საწვავს ფასი. კერძოდ, აგვისტოს თვიდან მოყოლებული საქართველოს საცალო ქსელში 1 ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 30-35 თეთრითაა შემცირებული. აქვე უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა აქვე უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - წლის ბოლოს ლარის გაუფასურებას. ვინაიდან კომპანიები ნავთობპროდუქტების შესყიდვას ახორციელებენ დოლარში, ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის თვითღირებულების ზრდა საშუალოდ 20 თეთრით/ლიტრაზე, რის გამოც კომპანიებს არ მიეცათ საშუალება, დამატებით კიდევ ამ დოზით შეემცირებინათ საწვავის ფასი.