ბრენდული მაღაზიები წინასაახალწლო ვაჭრობით უკმაყოფილოები არიან

”შარშანდელთან შედარება არ არის, ისე შემცირდა მყიდველების რაოდენობა”

წინასაახალწლოდ ლამის ტრადიციად ქცეული შოპნიგი წესით აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული, მაგრამ როგორც ბრენდული მაღაზიების მენეჯერები ამბობენ, წელს უპრეცედენტოდ დაბალი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავთ. მათაც გამოსავალი იპოვეს და საკმაოდ დაბალი ფასდაკლება გამოაცხადეს. თუმცა, ეს ფასდაკლება სრულიად განსხვავდება წინა წლების, ე.წ. ”ქართული სეილებისგან”...

ნათია ნაზღაიძე ”ბაბადუს” მენეჯერი: შარშანდელთან შედარება არ არის, ისე შემცირდა მყიდველების რაოდენობა. გასულ წელს ფასდაკლება არც გამოგვიცხადებია, წელს კი 40%-იანი ფასდაკლება გამოვაცხადეთ, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. შედარებისთვის, 2012 წლის აგვისტოში და ეს არის თვე, რომელსაც როგორც წესი ”მკვდარ სეზონს” ვეძახით, ისეთი კარგი მუშაობა გვქონდა, რომ ორჯერ-სამჯერ ჩამოგვდიოდა კოლექცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად იკლო მყიდველების რაოდენობამ. გასულ წლებში წინასაახალწლოდ უცხოელიც ბევრი გვყავდა. ქსელის გახსნას ვაპირებდით, მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობთ, გადავხედავთ, როგორ განვითარდება ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში.

სალომე ცოციაშვილი, მაღაზია ”სელიოს” მენეჯერი: ”მას შემდეგ, რაც 26 დეკემბერს ფასდაკლება გამოვაცხადეთ, გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა. ორი სახის - 50%-იანი და 70%-იანი ფასდაკლება გვქონდა გამოცხადებული. ის პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელს 70%-იანი ფასდაკლებით ვთავაზობდით, ორ დღეში თითქმის ამოიწურა. თუმცა, 50%-იანი ფასდაკლებაც ეფექტურად მუშაობს. დღეში 1200 ვიზიტორი გვყავს. 31-ითვის კიდევ უფრო გააქტიურებას ველოდებით”.

მილენა კასილოვა, მაღაზია ”მანგოს” დირექტორი: ”გასულ წელთან შედარებით მართლაც ძალიან შემცირდა გაყიდვები, ამიტომაც გამოვაცხადეთ 50 და 70 %-იანი ფასდაკლება, ოღონდ არა ყველა სახის პროდუქციაზე. ესპანეთის ოფისიდან ვიღებთ რეკომენდაციას, რომელი სახის პროდუქციაზე უნდა დავაკლოთ ფასი და რომელზე არა. ვფიქრობთ, რომ ”სეილმა” მაინც მოგვცა შედეგი... ვფიქრობთ, რომ ვიზიტორთა შემცირება ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი დოლარის კურსის მატებაც არის”.

მაღაზია ”ბალდის” მენეჯერმა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ გაყიდვების რაოდენობამ, გასული წლის წინასაახალწლო მაჩვენებელთან უმნიშვნელოდ იკლო. ვიზიტორთა რაოდენობაზე საუბრი ღიად არ სურს ”ზარასა” და ”მერლინის” ხელმძღვანელობას. მათი თქმით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. პირად საუბრებში უარეს მდგომარეობაზე საუბრობენ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების თანამშრომლები. მათი თქმით, წლის მიწურულს მუშაობა მკვეთრად შემცირდა და ჯარიმების რაოდენობამ კი იმატა.

ნანა, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარე-ოპერატორი: ”ხელმძღვანელობა ცდილობს ხელფასები მაქსიმალურად ცოტა გასცეს და ამას ჯარიმების ხარჯზე აკეთებს. ჯარიმებია ყველაფერზე, იმაზეც კი, თუ ვინმეს დიდი ხნით დაელაპარაკები, თუმცა, არ არის განსაზღვრული, ”დიდი დრო” რამდენია. ჩამოჯდომის უფლება ისედაც არ ჰქონდათ გამყიდველებს, თუმცა ახლა ჩვენც, მოლარეებიც ვალდებული ვართ კლიენტებს მოვემსახუროთ და გამყიდველებისგან განსხვავებით, ფიქსირებულ ხელფასს უნდა დავჯერდეთ, ბონუსები არ გვაქვს... ხელმძღვანელობა ღელავს, რომ ვიზოტორთა რაოდეობა ყოველდღიურად იკლებს, რაც დოლარის მატებასა და არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს უკავშირდება, რადგან ადამიანები ძალიან ხშირად კარგავენ სამსახურს”.

ლალი პაპასკირი