შალვა პაპუაშვილი - მაკროსაფინანსო სესხს არანაირი კავშირი არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებასთან - საქმე ეხება იმას, რომ რამდენად მიზანშეწონილია ამ სიტუაციაში დამატებითი სესხის აღება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობა ფიქრობს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბიუჯეტის 1 მილიარდიანი ზრდის პირობებში ევროკავშირისგან დამატებითი სესხის აღება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტების განცხადებებიც აჩვენებს, რომ ამ სესხით სპეკულირება ხდება.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი და სახე. ეს არის ის, რომ რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ამ გზაზე არ ერიდებიან იმასაც, რომ ავნონ ან შეეცადონ ავნონ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ, ასეთი განცხადები ჩვენთვის პირველი არ არის და ამ კუთხით რაიმე გასაკვირი არაა.

რაც შეეხება 75 მილიონს, ეს არის მაკროსაფინანსო დახმარების სახით სესხი, რომელიც გასულ წელს შეთანხმდა ევროკავშირთან. მისი ერთი ნაწილი ჩვენმა მთავრობამ აიღო, რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობა ფიქრობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით გაიზარდა, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი 2021 წელს, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სესხის აღება. და მეორე საკითხია პოლიტიკური მდგენელი - ჩვენ ვხედავთ და ჩვენი ოპონენტების განცხადებებიც გვაჩვენებს, რომ ხდება სპეკულირება ამ სესხით, თითქოსდა, ამის დაკავშირება სურთ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ საკითხებთან. ასე რომ, ამ სპეკულაციასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი.

ამ მაკროსაფინანსო სესხს არანაირი კავშირი არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებასთან. არის სხვა სახის შეთანმება, რომელშიც სხვადასხვა ინდიკატორებია გაწერილი, მათ შორის, ეს ინდიკატორებია „მეწარმეთა შესახებ კანონი“, სხვადასხვა მიმართულებითაა საკითხები გაწერილი. საქმე ეხება იმას, რომ რამდენად მიზანშეწონილია ამ სიტუაციაში დამატებითი სესხის აღება, ამას განიხილავს ჩვენი მთავრობა და სამწუხაროა, რომ ამის გარდა, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.