საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი - „ელპლუსი“-ს მოლოდინები

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, უფრო კონკრეტულად კი, იმ კომპანიების განვითარების ხელშეწყობისთვის, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით საქმიანობენ, ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი 15 ქართულ კომპანიას მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი- „ელპლუსი“. კომპანია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. „ელპლუსი“ 2005 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის მანძილზე კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 1000 -ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა და ისეთი მსოფლიო ბრენდების ავტორიზებულ პარტნიორობას ეწევა საქართველოში, როგორიცაა: INIM-ი, BRISTOL-ი, FAAC -ი, TOA, VIKING-ი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „ელპლუს“-ში შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების პროდუქცია. პირველად საქართველოში, „ელპლუსმა“ მოახდინა პარტნიორი კომპანია INIM-ის ხმოვანი სიგნალიზაციისა და სახანძრო დეტექციის მართვის პანელის ქართულ ენაზე ადაპტაცია.

ამჟამად კომპანია 200 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ისეთ პროდუქციას აწარმოებს, როგორიცაა: ცეცხლმაქრები, სახანძრო კარები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვინტილირებადი ფასადები, მეტალის სტელაჟები და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ცეცხლგამძლე კარს ევროპული ტესტ-რეპორტი აქვს გავლილი.

„ელპლუსის“ სამომავლო გეგმებზე ვაკო საღირაშვილს, ბიზნესის გავითარების დირექტორს გავესაუბრეთ:

“ელპლუსი“ დაარსების დღიდან ზრდაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ვანაცვლებთ იმპორტირებულ პროდუქციას ადგილობრივი წარმოებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ როგორც წარმოების მოცულობის ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას, ასევე ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. გარდა ამისა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ათეული ტექნიკური სპეციალისტის დამატებას ვაპირებთ. ვფიქრობთ, სწორედ ამ და სხვა მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი“, - ამბობს ვაკო საღირაშვილი, „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.

"საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას, ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", — აცხადებს ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარულები ვართ რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და მათი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. BizLink კლინიკის ინიციატივის საშუალებით USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას“ - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, პროგრამა იმ ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი, ვისი საქმიანობაც მოიცავს: სამშენებლო მასალების; ავეჯის / სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს; მყარი ნარჩენების გადამუშავებას; შესაფუთი მასალების/ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

R