დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მილიონამდე ლარი მიიღეს

2 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს.

„26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.